silhouette of person walking under white clouds

ფეხით სიარულის დადებითი მოქმედება ორგანიზმზე

სიარული სასარგებლოა გულის მუშაობისთვის, ფიგურის შესანარჩუნებლად, კუნთების ტონუსში ყოფნისთვის, ანუ, ზოგადად, სხეულისთვის. მაგრამ ასევე არანაკლებ, თუ მეტად არა, მნიშვნელოვანია, როგორ შეუძლია მას ჩვენი ცხოვრების შეცვლა.

მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზები იმისა, თუ რატომ უნდა ვიაროთ დღეში თუნდაც 15 წუთი ფეხით; რატომ არის სასარგებლო სიარული და როგორ შეუძლია მას ჩვენი ცხოვრების შეცვლა?

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ქალაქებში, კომფორტულ გარემოში ცხოვრობს და ცხოვრების რიტმი იმდენად შეიცვალა, რომ მუდმივად დაძაბული რეჟიმისა და სიჩქარის გამო ფეხით გადაადგილება უკვე ძალზე იშვიათობა გახდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს, ანუ იმას, რაც ჩვენი წინაპრებისთვის ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მდგომარეობა იყო. ყველას გვსმენია, რომ სიარული სასარგებლოა გულის მუშაობისთვის, ფიგურის შესანარჩუნებლად, კუნთების ტონუსში ყოფნისთვის, ანუ, ზოგადად, სხეულისთვის. მაგრამ ასევე არანაკლებ, თუ მეტად არა, მნიშვნელოვანია, როგორ შეუძლია მას ჩვენი ცხოვრების შეცვლა.

სიარული მოქმედებს განწყობაზე

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ჩვენ მდგომარეობასა და განწყობაზე. ამისთვის აშშ-ის ფსიქოლოგიის ასოციაციის მეცნიერებმა სტუდენტებს შორის სამი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სულ 12 წუთი სიარული იწვევს სიმხნევის, ყურადღებისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 5 დღე, დღეში, სულ ცოტა, 10–15 წუთს სეირნობენ, უმეტესად კარგ განწყობაზე არიან და თავს დათრგუნულად უფრო იშვიათად გრძნობენ.

სეირნობა ხელს უწყობს შემოქმედებას

სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიარული შემოქმედებით შთაგონებას საშუალოდ 60%-ით ზრდის იმასთან შედარებით, თუ ამ დროს მჯდომარე მდგომარეობაში გაატარებთ. ეფექტი შეინიშნებოდა უშუალოდ სიარულისა და მალევე მის შემდეგ პერიოდში.

სიარული ასტიმულირებს ტვინის მუშაობას

როგორც აღმოჩნდა, სიარული მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა არ არის – მას შეუძლია არა მხოლოდ კუნთების, არამედ ტვინის საქმიანობის სტიმულირებაც.

ჟურნალ Frontiers in Aging Neuroscience-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რეგულარულ სიარულს ნეირონული კავშირების გაუმჯობესება შეუძლია. ანუ, სიარული ძალზე სასარგებლოა ჩვენი ტვინისთვის, ის გვეხმარება რთული ამოცანების გადაწყვეტაში და აბრკოლებს ტვინის დაბერების პროცესს.

სიარული აუმჯობესებს მეხსიერებას

ჰაილენდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევის შედეგად სიარულის სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი დაადგინა. როგორც აღმოჩნდა, რეგულარული სიარული აუმჯობესებს მეხსიერებას. სპეციალისტების განცხადებით, სიარულის დროს ტვინში სისხლის მიწოდება იზრდება, ეს კი ხელს უწყობს აზრობრივი უნარებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას.

 “სიარული არის ადამიანის საუკეთესო მკურნალი” ამბობდა ჰიპოკრატე. ყოველდღიურად 15-30 წუთიც კი საგრძნობლად აუმჯობესებს, როგორც ადამიანის გარეგნობას, ასევე მის ჯანმრთელობას.