|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

სიახლეები

რა უნდა მივირთვათ მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ტვინის ფუნქციობისათვის აუცილებელია წყალი და ჟანგბადით კარგად მომარაგება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ანტიოქსიდანტები იცავს ტვინს დაბერებისაგან, ამინმჟავები და ნახშირწყლები უზრუნველყოფს ნეირონების კვებას. ტვინისათვის აუცილებელია აგრეთვე C, E, K და B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, მიკროელემენტებიდან კი იოდი, ფოსფორი და სელენი.

ნიორი – აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად, ტვინი უკეთ მარაგდება ჟანგბადით და აქტიურად ფუნქციობს. ყოველდღიურად 2-3 კბილი ნივრის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. ამიტომაც უსიამოვნო სუნის გამო უარს ნუ იტყვით ამ საკვებზე. სუნს ადვილად აირიდებთ, თუ ნივრის შემდეგ ოხრახუშის ღერებს დაღეჭავთ.

რძე – მასში ბევრია B12 ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს დამახსოვრების პროცესს. აღნიშნული ვიტამინი ყველაზე უკეთ სწორედ რძიდან შეითვისება. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭიროა დღეში არანაკლებ 2 ჭიქა რძის დალევა.

ნიგოზი – მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომელთა გარეშეც ტვინს სრულფასოვანი ფუნქციობა არ შეუძლია. ნიგოზში ბევრია E ვიტამინიც, რომელიც იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანება-განადგურებისაგან, არ აძლევს მეხსიერებას ასაკთან ერთად გაუარესების შესაძლებლობას. ნიგოზში უხვად შემავალი ცხიმოვანი მჟავები ვიტამინებთან, ამინმჟავებთან, მაგნიუმსა და თუთიასთან ერთად ავითარებს აზროვნებას და ასტიმულირებს ტვინის ფუნქციობას.

ზღვის კომბოსტო – მდიდარია იოდით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინისათვის. ნათელ გონებას, აზროვნებასა და ინტელექტს სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს.

წითელი ყურძენი – სხვა იისფერი ნაყოფივით, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ეფექტურად ეხმარება ტვინს ინფორმაციის შენახვა-გადამუშავებაში. ანტიოქსიდანტები აუმჯობესებს ტვინის უჯრედთა (ნეირონების) კვებას და იცავს მათ დაზიანებისაგან.

წყალი – თავის ტვინის 90% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინისათვის მომაკვდინებელია. ტვინის ფუნქციობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია დღის განმავლობაში წყლის სმის რეჟიმის დაცვა, კერძოდ, 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა. ხშირად მეხსიერების გაუარესება წყლის მიღების დეფიციტთანაა დაკავშირებული