არაჯანსაღი კვება, ძილის ფიზიოლოგიური რითმის დარღვევა, სუფთა ჰაერზე და მზეზე ნაკლები ყოფნა, მავნე ჩვევები (თამბაქო, ალკოჰოლი) და სხვა ფაქტორები უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და მრავალი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ორგანიზმისა და საკუთრივ კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ სილიციუმი, სპილენძი, თუთია, A ვიტამინი, E ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კოენზიმ Q 10 და ა.შ თითოეული მათგანი აუცილებელია ბიოლოგიური პროცესების წარმართვისა და დერმის ღრმა შრეებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულირებისთვის.
როგორც დასაწყისშივე ავღნიშნეთ, ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. სწორი კვება არ მოცავს აკრძალვებს, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მნიშვნელოვანია, რომ კვების დროს სუფრიდან კარგად დანაყრებული არ ავდგეთ, სასურველია შიმშილის მცირედი განცდა გვრჩებოდეს.
იმისათვის, რომ წონის კორექცია მოხდეს და შევინარჩუნოთ სასურველი სხეულის მასა, აუცილებლად უნდა დავიცვათ ძირითადი წესები: უნდა გვქონდეს სრულფასოვანი საუზმე, სადილი და ვახშამი. შუალედებში შეიძლება მსუბუქი წახემსება – რძის პროდუქტით, ხილით ან ბოსტნეულით. ხილი არ უნდა მივირთვათ ძირითადი კვების შემდეგ, დესერტად.
გთავაზობთ სწორი კვების ზოგად მონახაზს:
- საუზმე – უნდა მოიცავდეს ბურღულეულს: შვრიას, წიწიბურას, რძის ნაწარმთან ან ხილთან ერთად. დილით შეგვიძლია მივირთვათ გახუხული პური, ყველი და კვერცხი.
- სადილი – უნდა იყოს გამდიდრებული ცხოველური ცილით, ბოსტნეულით (წვნიანი, მოთუშული ბოსტნეული, სალათი), ბურღულეულით – პური, კარტოფილი, წიწიბურა, ან ბრინჯი.
- ვახშამი – შედარებით მსუბუქი უნდა იყოს და მოიცავდეს ბოსტნეულსა და ასევე რძის ნაწარმს.
იმისათვის, რომ სრულფასოვნად წარიმართოს ძილის პროცესი, კვება უნდა დასრულდეს დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. კვების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კანზე არსებული გამონაყარი ან აქერცვლა, გამოვიკვლიოთ მიზეზი და შემდეგ ამის მიხედვით შევარჩიოთ რაციონი.